საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
ქობულეთში გურამ თამაზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
image

ქობულეთში გურამ თამაზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ქობულეთში გურამ თამაზაშვილის სახელობის ქართული სიმღერის ტრადიციული საღამო გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად დაესწრო.

კონცერტს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, გურამ თამაზაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გურამ თამაზაშვილი ქართული სიმღერის გამორჩეული  მოღვაწე იყო, რომლის შემოქმედებამ და განსაკუთრებულმა შესრულების მანერამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ მრავალხმიანობაში.

,,ტრადიცია გრძელდება და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გურამ თამაზაშვილის სახელი უკვდავია. მისი შემოქმედება და ცხოვრების წესი იყო განსაკუთრებული. ქობულეთიდან და აჭარიდან მთელ საქართველოს ესმოდა გურამის უნიკალური ხმა. გამორჩეული იყო მისი ადამიანებისადმი სიყვარული, მეგობრობა და თბილი ურთიერთობები. ჩვენ გვახსოვს „ქართული ხმების“ და ქალაქური  სიმღერის ის პირველი დიდი ბირთვი და ძალა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი თავად გურამ თამაზაშვილი იყო. მისი სახელი და შემოქმედება თითოეული ჩვენგანისთვის ძვირფასი და უკვდავია. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღეს მის შემოქმედებით საღამოზე ვიმყოფებით.  გურამ თამაზაშვილი 73 წლის გახდებოდა, ამ დღეს მის ოჯახთან ერთად აღნიშნავს მთელი ქობულეთი, ბათუმი, მისი უახლოესი მეგობრები, რომლებიც დედაქალაქიდანაც ჩამოვიდნენ, რათა კიდევ ერთხელ პატივი მიაგონ მის ხსოვნასა და შემოქმედებას" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

გურამ თამაზაშვილის სახელობის ქართული სიმღერის ტრადიციული საღამო ქობულეთის მერიის ორგანიზებით უკვე წლებია იმართება.

კონცერტში ანსამბლები, სოლო შემსრულებლები, გურამ თამაზაშვილის მეგობრები და ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ.

საღამო გურამ თამაზაშვილის 73 წლისთავს მიეძღვნა და შესრულდა ცნობილი ქართული სიმღერები მისი რეპერტუარიდან. ღონისძიების ფარგლებში, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა გურამ თამაზაშვილის განსაკუთრებულ წვლილს ქართული მუსიკალური კულტურის ისტორიაში.