მთავრობის აპარატი
.webp)
ზურაბ პატარაძემ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებთან და საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში გამარჯვებულ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და აკადემიურ პირებთან, ასევე საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულ სტუდენტებთან შეხვედრები გამართა.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო ცენტრია, რომელმაც არაერთი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი აღზარდა. საზღვაო აკადემიის როლი არის უდიდესი - წარმოაჩინოს საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა შავი ზღვის რეგიონში. მისივე თქმით, გაგრძელედბა წარმატებული სტუდენტებისთვის სტიპენდიების, მაგისტრატურის დაფინანასებისა და სამეცნიერო კონფერენციების მხარდაჭერის პროგრამები.
“აქ იზრდებიან არა მხოლოდ მომავალი მეზღვაურები, არამედ საზღვაო ლოგისტიკისა და პორტების მართვის მომავალი ლიდერები, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი პორტების განვითარებისთვის. ზღვა არის ჩვენი რეგიონის სიძლიერის, ტრადიციისა და მომავლის სიმბოლო. ამიტომაც, ჩვენი მიზანია შევქმნათ ყველა პირობა იმისათვის, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა მიიღონ უმაღლესი სტანდარტის განათლება საკუთარ სახლში და იყვნენ კონკურენტუნარიანები მთელ მსოფლიოში”- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
აკადემიურ პირებთან შეხვედრისას განიხილეს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების განვითარებისა და ციფრულ გამოწვევებთან ადაპტირების საკითხები. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს პროფესორ-მასწავლებელთა მხარდაჭერას, სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასა და საზღვაო განათლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვას.
ზურაბ პატარაძე საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულ სტუდენტებსაც შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა. აჭარის განათლების და სპორტის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, 30 სტუდენტი ერთი სემესტრის განმავლობაში ხორვატიის, ბულგარეთისა და ლატვიის პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობდა. პროგრამის ფარგლებში, დღემდე საზღვარგარეთ სწავლა აკადემიის 108 სტუდენტს დაუფინანსდა. მიმდინარე წელს დამატებით 30 სტუდენტის დაფინანსება იგეგმება. სტუდენტებთან შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაგრძელდა. ახალგაზრდებმა ისაუბრეს მიღებულ შთაბეჭდილებებზე და პროფესიულ გამოცდილებაზე, ასევე მთავრობის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადეს ამ შესაძლებლობისთვის და პროგრამის განვითარების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.
შეხვედრებს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი მურთაზ დევაძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ივანე აბაშიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.