მთავრობის აპარატი
.webp)
ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა
დღეს ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ქართველ მეზღვაურებს პროფესიული დღე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ მიულოცეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონში საზღვაო სექტორის გაძლიერების მთავარი საფუძველი საზღვაო განათლების მხარდაჭერა და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფაა.
,,საზღვაო განათლების მაღალმა სტანდარტებმა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებამ ხელი შეუწყო ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმის ამაღლებას. აღსანიშნავია, რომ ქართველი მეზღვაურების უმრავლესობა სწორედ ჩვენი რეგიონიდანაა. მრავალწლიანმა გამოცდილებამ გაზარდა მეზღვაურთა ის თაობა, რომელიც წარმატებით საქმიანობს საერთაშორისო საზღვაო კომპანიებში და, დიახ, ეს ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და საამაყო პროფესიაა, რომელიც გამბედაობასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს.
ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საზღვაო სექტორის გაძლიერებას რეგიონში და, პირველ რიგში, ეს საზღვაო განათლების მხარდაჭერაში გამოიხატება. ჩვენი ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საზღვაო პოტენციალის ოპტიმალურად გამოყენებას, პროფესიული ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრამების მხარდაჭერას, საერთაშორისო აღიარებასა და სტანდარტების ამაღლებას " - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის საზღვაო სფეროს წარმომადგენლები ღირსების მედლებით დააჯილდოვა.
საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისა და მაღალი პასუხისმგებლობისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა გამორჩეული მეზღვაურები დააჯილდოვეს.
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.