საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ვეტერანის დღე რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს მიულოცა
image

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ვეტერანის დღე რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს მთავრობის წევრებთან ერთად შეხვდა.

ზურაბ პატარაძემ ვეტერანებს ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათთვის ღირსეული პირობების შექმნა და ამ მიმართულებით სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამის მხარდაჭერა ხელისუფლების პრიორიტეტია - “ჩვენს ძვირფას და ღირსეულ, სამშობლოსთვის თავდადებულ ადამიანებს ვულოცავ ვეტერანის დღეს! ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს სიძლიერე კი განისაზღვრება იმით, თუ როგორია მისი დამოკიდებულება სამშობლოს დამცველებისადმი. ამიტომაც, ვეტერანთა კეთილდღეობაზე ზრუნვა, მათი ღვაწლისა და გმირობის სათანადო დაფასება ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია”- აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ, მისივე თქმით- აჭარის რეგიონში 4 000-ზე მეტი ვეტერანია რეგისტრირებული, რომელთა სიმამაცე, სიმტკიცე და სამშობლოს სიყვარული მომავალი თაობებისთვის მკაფიო მაგალითია; ძლიერი საქართველოს მშენებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი კურსით აღდგენის გზაზე კი, საზოგადოების ერთიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანებისა და სტუდენტების მონაწილეობით, სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები გაიმართა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

საქართველოში ვეტერანის დღე 17 ოქტომბერს აღინიშნება. დაგეგმილი ღონისძიებები ქვეყნის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში ვეტერანების წვლილის დაფასებას, დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგებასა და თაობებს შორის კავშირის განმტკიცებას ემსახურება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელი შოთა ყიფიანი, ბსუ-ს პრორექტორი თამარ სირაძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები და რეგიონში მცხოვრები ვეტერანები.