საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს სახალხო არტისტის, სოფიკო ჭიაურელის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო
image

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს სახალხო არტისტის, სოფიკო ჭიაურელის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან, საქართველოს გენერალურ პროკურორთან გიორგი გვარაკიძესთან და პარლამენტის წევრებთან ერთად, საქართველოს სახალხო არტისტის, სოფიკო ჭიაურელის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.

აჭარის კულტურის სამინისტროს ჩართულობით და მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაში ქართული სცენისა და მუსიკის ცნობილი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ლეგენდარული მსახიობის ვაჟის, ნიკუშა შენგელაიას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა, რომელმაც მაყურებელს სოფიკო ჭიაურელის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ აქამდე უცნობი და უნიკალური ისტორიები გააცნო. მაყურებლის წინაშე ასევე, ცნობილი ქართველი მომღერლები, შემსრულებლები და ანსამბლები წარსდგნენ. საღამოს მუსიკალურ გაფორმებას ბენდი და ორკესტრი მაესტრო დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით უზრუნველყოფდნენ.

სოფიკო ჭიაურელის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ათობით გამორჩეულ როლს მოიცავს, მათ შორის, მსოფლიო დრამატურგიის არაერთ მნიშვნელოვან პერსონაჟს. მსახიობის ხელოვნება განსაკუთრებული ადამიანური სითბოთი გამოირჩეოდა, ხოლო მისმა ნიჭმა და მოღვაწეობამ ქართული ხელოვნების ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა.

საღამოს “სოფიკო-90” ქალაქ ბათუმის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობების, რეგიონის სხვადასხვა უწყების და სტრუქტურის წარმომადგენლები, აგრეთვე, მსახიობის ოჯახის წევრები, მეგობრები, მისი შემოქმედების თაყვანისცემლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.