მთავრობის აპარატი
.webp)
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სეზონისთვის განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.
ზაფხულის ტურისტულ სეზონს ბათუმის აეროპორტი სრული მზაობით ხვდება და გაზრდილ მგზავრთა ნაკადებს შეუფერხებლად მოემსახურება. სამუშაო პროცესის მიმდინარეობა მთავრობის თავმჯდომარეს და მინისტრს აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ გააცნო და ბათუმის აეროპორტის გაფართოების ხედვა წარადგინა. საუბარი შეეხო სანავიგაციო სეზონთან დაკავშირებულ გეგმებს, ფრენების განახლებულ განრიგებს და მზარდი მგზავრთნაკადის ეფექტიანად მომსახურების საკითხებს.
პროექტის ფარგლებში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის არსებულ ფართობს ახალი სივრცეები ემატება, რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ჯამში 22-25%-მდე გაზრდის. 2025 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წლიურმა მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს - 1,230,200 მგზავრს მიაღწია, რაც 2024 წლის მონაცემებთან შედარებით 29%-ით მეტია.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ სამუშაო შეხვედრას, მარიამ ქვრივიშვილთან და ზურაბ პატარაძესთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ესწრებოდა. ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე და რეგიონის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე.