მთავრობის აპარატი
.webp)
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო წირვას დაესწრო
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ, სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სადღესასწაულო წირვა აღავლინა.
წირვას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად დაესწრო. მან ტაძარში შეკრებილ მრევლსა და ადგილობრივ მოსახლეობას ღვთისმშობლობა მიულოცა.
„დღეს ყველანი ერთად ვზეიმობთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბათუმში იმყოფება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მისი უწმინდესობა შიო III. მისი ლოცვა-კურთხევით, მრევლი, მომლოცველები და ჩვენი თანამოქალაქეები ერთად აღვნიშნავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს. მინდა, ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მივულოცო აჭარის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს. ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებული სულიერი სიმდიდრით გამოირჩევა და დღევანდელი დღეც ამის ნათელი დასტურია" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
მსახურებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მრევლი.
ნიშანდობლივია, რომ სადღესასწაულო წირვა კათოლიკოს-პატრიარქის რანგში შიო III-ის პირველი მსახურება იყო რეგიონში.