მთავრობის აპარატი
.webp)
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და საქართველოს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე შუახევის მუნიციპალიტეტში წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვივნენ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან ერთად, შუახევის მუნიციპალიტეტში წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია.
მინისტრსა და მთავრობის თავმჯდომარეს მეუფე სპირიდონმა უმასპინძლა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა გააცნო.
,,ჩვენი უმთავრესი მიზანი არის მთის გაძლიერება, მაღალმთიან აჭარაში მეტი შესაძლებლობის შექმნა პროფესორ-მასწავლებლებისთვის, ახალგაზრდებისა და სტუდენტებისთვის, მათი დასაქმებისა და განვითარების ხელშეწყობა. დღეს ჩვენ ვხედავთ, მთის აქტიურ განვითარებას რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში.
მეუფესთან ერთად ვიმსჯელეთ არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რეგიონის განვითარებისთვის, ახალგაზრდების მეტი ჩართულობისა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
უნივერსიტეტში ასევე იმყოფებოდნენ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზრო ბოლქვაძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტებს თანამედროვე, აკადემიურ საგანმანათლებლო გარემოს სთავაზობს, სადაც შესაძლებელია, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, პროფესიის დაუფლება და კვალიფიკაციის ამაღლება.
უნივერსიტეტი აჭარის რეგიონის ერთ-ერთი უმთავრესი საგანმანათლებლო კერაა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული და აკადემიური მიმართულებით კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.