მთავრობის აპარატი
.webp)
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დასავლეთ საქართველოში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, დასავლეთ საქართველოში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებები, მიმდინარე პროცესები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის ხარისხიანი, დროული და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება, ხოლო რეგიონში ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება.
შეხვედრას დასავლეთ საქართველოს 50 სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელი ესწრებოდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.
პირველადი ჯანდაცვის რეფორმა მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისების გაფართოებას, მათ შორის დამატებით ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს. ცვლილებები ხელს შეუწყობს პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტების როლის გაძლიერებას, ვაქცინაციისა და სკრინინგის ხელშეწყობას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.