მთავრობის აპარატი
.webp)
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, დავით სონღულაშვილს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავით სონღულაშვილს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა აჭარის აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტები, ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამები და დარგის განვითარების სამომავლო გეგმები განიხილეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა აგრარული სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდისა და მოსავლის დაცვის ღონისძიებებზე, მათ შორის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ცენტრალური და რეგიონული უწყებების კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე.
„მოგვეცა შესაძლებლობა გვემსჯელა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, პროგრამასა და პროექტზე, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხორციელდება. ვფიქრობ, შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო, რადგან დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ფერმერების საჭიროებები, მუნიციპალიტეტების მიხედვით არსებული გამოწვევები და ის შესაძლებლობები, რომლებიც აგროსექტორის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს” - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს აგროსექტორში ინოვაციური მიდგომების დანერგვისა და აგროტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების, სარწყავი ინფრასტრუქტურისა და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაზრდის დარგის პროდუქტიულობას.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ცენტრალურ და რეგიონულ ხელისუფლებას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ აქტიურად გაგრძელდება ყველა იმ პროექტის განხორციელება, რომელიც აჭარის სოფლების განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს.