მთავრობის აპარატი
.webp)
ქობულეთსა და ქედაში პოლიციის ახალი შენობები გაიხსნა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად, ქობულეთის და ქედის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პოლიციის ახალი შენობების გახსნის ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
თანამედროვე სტანდარტების ახალი ინფრასტრუქტურა მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილთან, მინისტრის პირველ მოადგილე რონი მესხთან, მოადგილე გაგა კირკიტაძესთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს, სამართალდამცველებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და განახლებულ გარემოში ნაყოფიერი მუშაობა უსურვეს.
უახლესი ინვენტარით აღჭურვილი ახლად აშენებული შენობები მოიცავს დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცეებს, ნივთმტკიცების შესანახ ოთახებს, ასევე, თანამშრომლებისთვის მოსასვენებელ და სასადილო სივრცეებს. შენობები სრულად არის ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს ახალი შენობა, 40-მდე თანამშრომელზე, ხოლო ქობულეთის რაიონული სამმართველოს ხუცუბნის პოლიციის შენობა 24 სამართალდამცველზეა გათვლილი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ეფექტიანი თანამშრომლობა და რეგიონის განვითარებაში შეტანილი საერთო წვლილი ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების და კეთილდღეობის გარანტია. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მინისტრს ამ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის. ქედასა და ხუცუბანში პოლიციის თანამედროვე შენობების გახსნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ქვეყნის და აჭარის რეგიონის თითოეული მუნიციპალიტეტის თანაბარი განვითარებისთვის მშვიდი გარემოს შექმნა ჩვენი საერთო პრიორიტეტია“, - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.