საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (GIMF 2026) ბათუმში
image

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (GIMF 2026) ბათუმში

ბათუმი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (GIMF 2026) მასპინძლობს. ფორუმის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა არსენიო დომინგესმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბათუმი სულ უფრო მეტად იმკვიდრებს თავს, როგორც საქმიანი ქალაქი, რომელიც მასშტაბურ საერთაშორისო ფორუმებსა და მნიშვნელოვან ღონისძიებებს მასპინძლობს. მისივე თქმით, აჭარისთვის საზღვაო სექტორი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიმართულებაა, ხოლო დღევანდელი ფორუმი რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას და თანამედროვე სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს.

„დღეს ჩვენი რეგიონი და ქალაქი ბათუმი სულ უფრო მეტად ასოცირდება განვითარებასა და პროგრესთან და თავს იმკვიდრებს, როგორც საქმიანი ქალაქი. ეს იმიჯი ბათუმმა მასშტაბური ღონისძიებების, საერთაშორისო ფორუმებისა და მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელებით დაიმკვიდრა. ჩვენი ქალაქის ისტორიისა და განვითარების ყველა ეტაპზე ზღვის ფაქტორს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს ქალაქს პორტო ფრანკოს სტატუსი მიენიჭა, რამაც მისი საერთაშორისო მნიშვნელობა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი გააძლიერა.

სწრაფად მზარდი ეკონომიკა, ინვესტიციების მოზიდვა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები არის იმ უდიდესი მხარდაჭერის შედეგი, რასაც საქართველოს ხელისუფლება ჩვენი რეგიონის გაძლიერებისთვის აკეთებს. ამის ერთ-ერთი დასტურია დღევანდელი ფორუმი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის დარგის ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს ფორუმის მთავარი გზავნილიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საზღვაო კავშირები მნიშვნელოვანი სტრატეგიული აუცილებლობაა. აჭარისთვის საზღვაო სექტორი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა - ჩვენი რეგიონი საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილია, როგორც საზღვაო განათლების მნიშვნელოვანი ცენტრი და მეზღვაურთა პროფესიული მომზადების კერა“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

საერთაშორისო საზღვაო ფორუმს სახელწოდებით „სადაც ზღვები ხვდება დერეფნებს“ ბათუმი 7-8 სექტემბერს უმასპინძლებს. ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის 300-მდე დელეგატი მონაწილეობს. ღონისძიების მთავარი თემებია შუა დერეფნის განვითარების შესაძლებლობები, რეგიონული დაკავშირებადობა, ინოვაციები, მდგრადი საზღვაო ტრანსპორტი და საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერება.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციების გენერალური მდივნები, სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, საზღვაო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

https://www.facebook.com/share/p/1DvZ9pwEJd/