მთავრობის აპარატი
.webp)
ზურაბ პატარაძემ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ლერი ხაბელოვს და კომიტეტის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ელგუჯა ბერიშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ბათუმში დაგეგმილი საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. ზღვისპირა ქალაქი მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას 2-6 ივნისს უმასპინძლებს.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბათუმს აქვს პოტენციალი წარმატებით უმასპინძლოს მსგავსი მასშტაბის სპორტულ ღონისძიებებს. მისივე თქმით, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ხელს შეუწყობს რეგიონში სპორტის სფეროს გაძლიერებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტული ტურიზმის განვითარებას.
„შეხვედრაზე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები და საორგანიზაციო საკითხები განვიხილეთ. ეს არის უპრეცედენტო, ძალიან მასშტაბური ღონისძიება, რომელიც 2 ივლისს ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე გაიხსნება. ვფიქრობ, ეს იქნება ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება - ჩვენთან ჩამოვა უამრავი სტუმარი და ვფიქრობ ჩემპიონატი მოგვცემს საშუალებას კიდევ ერთხელ შევაჯამოთ ჩვენი სპორტული წარმატებები" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო ახალგაზრდული მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
სპორტული შეჯიბრებები 17 სახეობაში გაიმართება. პროექტის მიზანია სპორტის მასობრიობის ზრდა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, რეგიონების აქტიური ჩართულობა, მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო და ბათუმის მერია.