მთავრობის აპარატი
.webp)
ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა
ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა. სადღესასწაულო ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან ერთად დაესწრო.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ „შუამთობა“ მთის ტრადიციების, კულტურისა და ერთიანობის სიმბოლოა, ხოლო მაღალმთიანი აჭარის განვითარება - მთელი რეგიონის წარმატება.
„მთის გაძლიერება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის წარმატებაა. "შუამთობა“ ჩვენი მთის განსაკუთრებული ხასიათია. აქ ვხედავთ უწყვეტ ჯაჭვს წარსულსა და მომავალს შორის, ჩვენს ტრადიციებს, კულტურას, ერთგულებასა და სტუმართ-მასპინძლობას’ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
მთავრობის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მთის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ საპატიო ხულოელები. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიება.
შუამთობის დღესასწაულს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საზოგადოების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.