საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გაიხსნა
image

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გაიხსნა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი - ,,მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული პლატფორმა“ ოფიციალურად გაიხსნა, რომელიც სტუდენტებს, კონფლიქტების კვლევის, ისტორიული ფაქტებისა და თანამედროვე პროცესების შესწავლის შესაძლებლობებს მისცემს.

ცენტრის გახსნის ღონისძიებაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან გიორგი ვოლსკისთან ერთად მონაწილეობდა.

სტუმრებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ უმასპინძლა და ცენტრის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონის მრავალფეროვანი ისტორიული, კულტურული, რელიგიური გამოცდილების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მსგავსი საგანმანათლებლო პლატფორმების მხარდაჭერა.

,,სამშვიდობო ინიციატივების ცენტრი, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნა, ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაღრმავებას, პოლიტიკურ დიალოგსა და ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას. ხიდების აღდგენა და სამშვიდობო პოლიტიკის გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და სწორედ ამ მიზანს მოემსახურება აღნიშნული ცენტრის ამოქმედებაც" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეების თემატური ნახატების გამოფენა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენა.

ცენტრის გახსნაში ასევე მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარისა და აფხაზეთის მთავრობების წევრები და მოწვეული სტუმრები.