მთავრობის აპარატი
.webp)
,,ამბასადორ აილენდ ბათუმის’’ პირველი ცათამბჯენის მშენებლობის დაწყების ცერემონია გაიმართა
,,ამბასადორ აილენდ ბათუმის’’ პირველი ცათამბჯენის მშენებლობის დაწყების ცერემონია გაიმართა.
მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და კომპანიის დამფუძნებელ თორნიკე ქებურიასთან ერთად, საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა.
სულხან თამაზაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი.
,,დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელსაც აქვს საინტერესო, ძალიან მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. ამის ნათელი მაგალითია ამბასადორის ხელოვნური კუნძულის პროექტი, რომელიც რეგიონის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელება უკვე აქტიურ ფაზაშია, შავი ზღვის სანაპიროზე შეიქმნება თანამედროვე, მაღალი სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც გააერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ და მოსასვენებელ სივრცეებს,“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
პირველი ცათამბჯენის მშენებლობა 2029 წელს დასრულდება და იქნება განვითარებისა და პროგრესის სიმბოლო. ის ბათუმსა და საქართველოს კიდევ უფრო მყარად დაამკვიდრებს მსოფლიოს საინვესტიციო და ტურისტულ რუკაზე.
მთავრობის წევრები მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტს გაეცნენ და კუნძული დაათვალიერეს, სადაც 200 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო მოცულობის პროექტის განხორციელება იწყება.