საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
ბათუმში ახალი №21 საჯარო სკოლის გახსნის ცერემონია გაიმართა
image

ბათუმში ახალი №21 საჯარო სკოლის გახსნის ცერემონია გაიმართა

ბათუმში ახალი N21 საჯარო სკოლა გაიხსნა.

სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა მიულოცეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება უპრეცედენტო მასშტაბით გრძელდება  და წელს აჭარას 4 ახალი სკოლა შეემატა, მომავალ წელს კი კიდევ 7 ახალი სკოლის აშენება იგეგმება.

,,ჩვენი რეგიონისა და ქალაქისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა. დღეს აქ იწერება ჩვენი რეგიონის ახალი ისტორია - ბათუმის №21 საჯარო სკოლის სახით. 21-ე საუკუნის შესაბამისი, თანამედროვე, ლამაზი და ფუნქციური ინფრასტრუქტურა 1 400 მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად ადაპტირებულია და ბავშვებისთვის უსაფრთხო, კომფორტულ საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფს. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი განათლების ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და განვითარებაა. მომავალ თაობაში ჩადებული გრძელვადიანი ინვესტიცია ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის წარმატების საფუძველია. ახალ სასწავლო წელს აჭარაში ოთხი ახალი სკოლით შევხვდით. ცოტა ხნის წინ ერთად დავათვალიერეთ ბათუმის №4 და №5 საჯარო სკოლების სრულად რეაბილიტირებული შენობები. მომავალ წელს რეგიონს კიდევ შვიდი ახალი სკოლა შეემატება, უახლოეს წლებში კი დამატებით ათამდე ახალი სკოლის მშენებლობა იგეგმება. ეს არის ის დინამიკა, რომელიც განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ჩვენს ბავშვებზე ზრუნვას ემსახურება. წელს განათლების რეფორმის ფარგლებში ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს. დღეს განსაკუთრებით გვიხარია ჩვენი პირველკლასელების ხილვა ახალ, ლამაზ ფორმებში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი მიზანია, ყველა ბავშვს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა და ღირსეული პირობები. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პედაგოგებს, მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველდღიურად ზრუნავს ჩვენს პატარებზე. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მათ ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო პირობები, ჩვენს ბავშვებს კი ნათელი, უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო“ -  განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

მთავრობის წარმომადგენლებმა ახლად აშენებული სკოლა დაათვალიერეს, რომელიც 1400 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლას აქვს სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები, ასევე - ღია მოედანი. ბათუმის 21-ე საჯარო სკოლის მშენებლობისა და აღჭურვის ღირებულება 8 500 000 ლარია.

სკოლის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი არჩილ ბერიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.