საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
სულხან თამაზაშვილმა მთავრობის სხდომაზე რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა
image

სულხან თამაზაშვილმა მთავრობის სხდომაზე რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა მთავრობის სხდომაზე რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.

მთავრობის თავმჯდომარემ შუახევის კულტურის ცენტრის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლ „ფესვების“ წევრებს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს აღიარება მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, განსაკუთრებით კი შუახევის მუნიციპალიტეტისთვის.

სულხან თამაზაშვილმა ისაუბრა ტურიზმის მიმართულებით არსებულ ტენდენციებზე და განაცხადა, რომ 2025 წლის შეჯამებული სტატისტიკური მონაცემებით, აჭარაში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება.

,,2025 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია დაახლოებით 10%-ით. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს აჭარაში, 5 მილიონამდე ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით დაახლოებით 4 %-იანი ზრდაა. ამ რაოდენობაში შედიან როგორც შიდა, ასევე უცხოელი ვიზიტორები. აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ცხადყოფს ოთხივე სეზონზე რეგიონის მზარდ ტურისტულ პოტენციალს,“ – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის ბულვარში მიმდინარე სადემონტაჟო სამუშაოებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ქალაქის იერსახე. 

 „ბულვარის კეთილმოწყობის მიზნით ინტენსიურად ხორციელდება უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟი. ასევე, მიმდინარეობს ბულვარის  ახალი კონცეფციის შემუშავება და აქტიურად ვარ პროცესში ჩართული. ეს ყველაფერი ბულვარს თანამედროვე და მოწესრიგებულ სივრცედ აქცევს. ბულვარის გარდა, უნებართვო ობიექტების დემონტაჟი აქტიურად მიმდინარეობს ქალაქში და რეგიონშიც, მათ შორისაა თვითნებურად აშენებული ღობეები, თვითნებურად განთავსებული ჯიხურები თუ კვების ობიექტები. ეს ყოველივე ხელს შეუწყობს პირველ რიგში ამ პროცესის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას, ხოლო მეორეს მხრივ ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას,“ – აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.

 

მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალური ავტოპარკების განახლების მნიშვნელობას. პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს 18 ერთეული ახალი ავტობუსი შეემატა. სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება და ეტაპობრივად გაუმჯობესდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი რეგიონში.

მისივე ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.  ამ ეტაპზე აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან რეგიონში 9 საჯარო სკოლის მშენებლობა და 15 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ დასრულდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგეში მდებარე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციაც.

სულხან თამაზაშვილის განცხადებით, მთავრობა განაგრძობს მუშაობას მოსახლეობის კეთილდღეობისა და რეგიონის განვითარების მიმართულებით.