საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
მთავრობის აპარატი
ბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა
siakhle12

ბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა

ბათუმის შემოვლითი გზა სტრატეგიული ევროპული საგზაო მარშრუტის ნაწილია და მას ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბათუმის, როგორც საკურორტო ქალაქის, განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
14 კმ-იანი გზა გვერდს უვლის ბათუმს და სრულად განტვირთავს ქალაქს ტრანზიტული მოძრაობისგან. ახალი გზა იწყება მახინჯაურთან და სრულდება ხელვაჩაურში, თუმცა, სატრანსპორტო კვანძებით უკავშირდება როგორც მიმდებარე დასახლებებს, ისე ბათუმის სხვადასხვა უბანს. 
 
„ძველ გზაზე მოძრავი ტრანსპორტის 43% ბათუმის შემოვლითი გზით იმოძრავებს, რითაც ქალაქი მნიშვნელოვნად განიტვირთება, გაუმჯობესდება ბათუმში ცხოვრებისა და დასვენების პირობები, გაიზრდება გზის გამტარობა და სატრანზიტო ტვირთბრუნვა. ყველა თვალსაზრისით, ამ შემოვლით მაგისტრალს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ქვეყნის, რეგიონის და ქალაქ ბათუმის განვითარებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.
 
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა უკვე სრულად მაგისტრალური გზით იქნება შესაძლებელი და მხოლოდ 3 საათი დასჭირდება. 
 
ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკსა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) პროექტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა, ასევე განსაკუთრებით აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლებისა და დარგის სპეციალისტების როლი პროექტის წარმატებით განხორციელებაში. 
 
ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ღირებულებამ 330 მილიონი ლარი შეადგინა.